დანელია გოჩა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1982

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

9 აგვისტოს, ცხინვალში, დაჭრილი მეომრების გამოყვანისას დაიღუპა. გოჩა დანელია მეთაურს ეძებდა, როცა მტერმა შენიშნა და იერიში მიიტანა. ოჯახის წევრებმა, მის შესახებ სხვა არაფერი იციან. ნუგეშად მხოლოდ გმირი შვილის სახელი დარჩათ. გოჩა დანელია, 1982 წლის 16 აგვისტოს, ქუთაისში დაიბადა. 2007 წელს ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გადაწყვეტილება მიიღო და ბოლომდე ერთგულად ემსახურა სამშობლოს. თეა დანელია, ძმის მეუღლე: `2008 წლის 5 აგვისტოს სახლში იყო, მეგობრებთან ერთად. სწორედ, იმ დღეს დაურეკა მეთაურმა. 7 აგვისტოს კი დედამისისთვის მიუწერია. ,,ქეთევან, აბა ჰე და აბა ჰოო~. (დედას ქეთევანი ჰქვია). მას მერე არაფერი ვიცოდით. 8 აგვისტოს ჩავედით გორში. დაბომბვაში მოვყევით, თუმცა გადავრჩით. გოჩა ვერ ვნახეთ. 9 აგვისტოს გოჩას ტელეფონიდან ვიღაც ოსმა დამირეკა, დამტვრეული ქართულით, რომ ვკითხე ცოცხალია-მეთქი? მიპასუხა, რომ გოჩას თავს მოაჭრიან. მე გაშეშებული ვუსმენდი, ის კი იქედან შეურაცხყოფას მაყენებდა. თან ისიც მითხრა, მალე საქართველოს გავთელავთო. ილანძღებოდა, სანამ ტელეფონი არ გაეთიშა. მხოლოდ მოგვიანებით, 8 თვის შემდეგ, დნმ-ის ანალიზის შედეგად გავარკვიეთ მისი დაღუპვა. გაგებისთანევე გადმოვასვენეთ და მეორე დღესვე დავასაფლავეთ ჩვენი სოფლის სასაფლაოზე. ჩვენთვის დღემდე გაუგებარია, რა ვითარებაში დაიღუპა გოჩა. მეთაურისგან ვიცით, რომ ცხინვალის მისადგომებთან, წინა ხაზზე იყვნენ და იქ თავისი მეთაურის ძებნის დროს დაიღუპა. ეს არის ის, რაც ვიცით. უამრავი ხალხი მოვიდა გასვენებაში. ის ხომ ყველას ძალიან უყვარდა. იმ სკოლაში, სადაც სწავლობდა, გოჩას სახელის უკვდავსაყოფად, მისი ბიუსტია გაკეთებული.~ გოჩა დანელია წარმატებული მოსწავლე და სამაგალითო სტუდენტი ყოფილა. წითელ დიპლომზე დაუმთავრებია საბაზო ეკონომოკის და სამართლის ინსტიტუტის სრული კურსი. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, პირდაპირ კონტრაქტს მოაწერა ხელი, უამრავი ჯილდო და მადლობის წერილი ინახება დღეს გოჩას ოჯახში