ლომიძე ავედიკ ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1959

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ავედიკ ლომიძე გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. რუისში დაეწია რუსული ტყვია. მისთვის ომი უცხო არ იყო. აფხაზეთში ნაბრძოლს, დევნილობაში გატარებულმა მრავალმა წელმა, კიდევ უფრო გაუღვივა სურვილი, რომ საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეეტანა. მან ყველაფერი გაიღო, რაც შეეძლო, სიცოცხლეც კი. დღეს ავედიკ ლომიძე გმირია. შუბითიძე ლიდა, მეუღლე: `ავედიკი აფხაზეთის ომის ვეტერანია. აფხაზეთში იბრძოდა. მერე იყო დევნილობის და უიმედობის საშინელი წლები. ბოლოს, რევოლუციის შემდეგ, იმედი გაუჩნდა, მიეცა შანსი კვლავ ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო. 2004 წელს შინაგან ჯარში დაიწყო მუშაობა. 2005 წელს, ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მეოთხე ბრიგადაში იყო კაპრალი. ძალიან ყურადღებიანი მეუღლე და მამა იყო. მისი სურვილი, ნატვრა იყო აფხაზეთში დაბრუნება და მშვიდი ცხოვრება. მეორე შვილის დაოჯახება სურდა, რომ მისი შვილი აეყვანა ხელში. შვილიშვილზე გიჟდებოდა და უნდოდა კიდევ ჰყოლოდა.~ მეუღლეს უჭირს იმ დღეებზე საუბარი, ძალას იკრებს, ცრემლს ვერ იკავებს და იხსენებს: `ერთი დღე არ გავიდოდა არ დაგვკავშირებოდა, რომ არ გვენერვიულა. თავიდანვე ცხინვალში იყო გადაყვანილი. სულ წინა ხაზზე იდგა. 11 აგვისტოს დილით დამიკავშირდა და მითხრა, ქარელში ვართ, ცხელ ხაზზე შევდივართ და შეიძლება ვერც დავბრუნდე, აბა კარგად იყავითო. ეს დამიბარა. მერე მე ვცდილობდი დაკავშირებას. 11 აგვისტოს 5 საათისთვის დავურეკე და მითხრა, გამოვდივართო, ჩქარი ნაბიჯების ხმა გავიგე. ვიფიქრე, რომ 50 წლის კაცი ვერ ირბენდა ისე, როგორც ახალგაზრდა. ამის შემდეგ კავშირი შეწყდა. მეორე დღესვე დავურეკე იმათ, ვისი ტელეფონის ნომრებიც მქონდა. შტაბშიც დავრეკე. მითხრეს გამოსულები არიან და ნუ გეშინიათ, მოვაო, ჩვენც იმედი გვქონდა იქნებ ტყვედ არის ჩავარდნილი და მოვიდეს-მეთქი. მაგრამ აღარ მოსულა... სად არ ვეძებეთ, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ 17 ოქტომბერს დნმ- ის შედეგად დამტკიცდა, რომ რუისის მხარეზე დაღუპული პიროვნება, ჩემი მეუღლე იყო. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა, ის ჩამორჩა თავის მეგობრებს და... სენაკის ბრიგადის ბიჭებს უნახავთ დაღუპული და ქარელის საავადმყოფოში გადაუსვენებიათ. მეორე დღესვე დაასაფლავეს საავადმყოფოს ეზოში. 30 სექტემბერს კი თბილისში გადაასვენეს. ჩემთვის შოკი იყო, როცა დნმ-ის ანალიზი დაემთხვა. კიდევ მქონდა რაღაც იმედი, იქნებ სადმე ჩარჩა და მოვიდეს-მეთქი. დაღუპვის მერე ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მიჭირს მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ამ კოშმარს უნდა გავუძლო, ბოლოს და ბოლოს გმირის მეუღლე მქვია.~ ავედიკ ლომიძე 1959 წლის 6 იანვარს, გაგრაში დაიბადა. ლესელიძის #1 საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული. აფხაზეთის ომიდან - აგვისტოს ომამდე იყო დევნილობა და ოცნება აფხაზეთზე, რომელიც აუხდენელი დარჩა, თუმცა მან თავისი ვალი ორმაგად მოიხადა ქვეყნის წინაშე. დღეს ის გმირია, საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილი.