თავგორაშვილი კახაბერ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1976

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

9 აგვისტოს, შანხაის დასახლებაში, რამდენიმე წვევამდელი ბიჭი უმეთაუროდ იყო დარჩენილი... სპეცრაზმელები დაინახეს და მათ გაყვნენ... სპეცრაზმელ კახა თავგორაშვილს ბიჭებისთვის უთქვამს, სადმე ჩაწექით და მერე მოგხედავთო... წვევამდელებს შეშინებიათ, მაინც გამოდევნებიან... ის მოუბრუნდა, ნუ მოგვდევთო, ხელი ზემოთ აუწევია და... მტრის სნაიპერის ტყვიაც მოხვდა... კახაბერ თავგორაშვილი 1976 წელს დაიბადა რუსთავში. დედისერთა იყო და ანებივრებდნენ. ჯერ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ლიცეუმში გადავიდა. დღეს ის ლიცეუმი მის სახელს ატარებს... ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, რუსთავშივე ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე. როგორც დედისერთას, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მაინც წავიდა და თავისი ნებით მოიხადა სამხედრო ვალი. ვალის მოხდის მერეც გააგრძელა სამხედრო სამსახური, მუხროვანში, სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობდა. ჯერ შავნაბადის სპეცდანიშნულების სამსახურში იყო, ბოლოს ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების ბატალიონში. სტაჟირებაც გაიარა ამერიკაში. სპეციალობით ამფეთქებელი იყო. წოდებით – სერჟანტი. ინსტრუქტორების სკოლა რომ შეიქმნა, დირექტორის მოადგილე იყო... 20 წლის კახა ჯერ კიდევ შავნაბადაზე მსახურობდა, თავისზე 9 წლით უფროსი, ირმა დარბაისელი რომ გაიცნო და შეუყვარდა... ირმა დარბაისელი, მეუღლე: `შევარდნაძეზე ტერაქტის დროს, უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი. კახა მაშინ შავნაბადაზე მუშაობდა, მორიგე იყო და იქ გავიცანით... ვმეგობრობდით, 5 წლის შემდეგ დავოჯახდით. მერე, ერთ მშვენიერ დღეს, მოვიდა და ამიხსნა სიყვარული. 9 წლით უფროსი ვიყავი მასზე, მე 34 წლის ვიყავი, კახა – 25-ის. ძალიან რომანტიკული ადამიანი იყო... ერთ-ერთ ჩემს დაბადების დღეზე ვერ ახერხებდა ჩამოსვლას, დამირეკა დაიძინეო და შუა ღამისას ჩემხელა ვარდებით მომადგა სახლში...~ კახას და ირმას მალე დემეტრე შეეძინათ... ირმა დარბაისელი: `დიდი სურვილი ჰქონდა, რომ დემეტრე მებრძოლი გამოსულიყო, როცა საშუალება ჰქონდა დაჰყავდა თავის სამსახურში. დემეტრეს ხშირად პოლიგონზეც უსროლია. სულ დემეტრე ეკერა პირზე. დემეტრე თუ ტიროდა, მხოლოდ მამას ტიროდა და სულ მამა უნდოდა, კახა, თუ დრო ჰქონდა, სულ მასთან იყო...~ აგვისტოში, ომის დაწყებამდე დემეტრეს გლანდების ოპერაცია გაუკეთეს, მშობლები მუშაობდნენ და დემეტრე ბებია-ბაბუასთან იყო რუსთავში. კახა ყოველღამე ჩადიოდა – დემეტრე მის გარეშე არ იძინებდა. ასე მომხდარა 6 აგვისტოსაც. ირმა დარბაისელი: `რუსთავში რომ მიდიოდა, დამიჩოქა და მითხრა, ძალიან მიყვარხარ და თუკი რამე მიწყენინებია შენთვის, მაპატიეო...~ მერე დიდხანს იდგა კარში. კახა ომში წავიდა, ირმას ავი წინათგრძნობა დაეუფლა. ირმა დარბაისელი: `კახას კოდორიც მოვლილი ჰქონდა, ცხინვალშიც იყო წინა შესვლაზე, მაგრამ ასეთი წინათგრძნობა არასოდეს მქონია. რომ არ რეკავდა, უფრო და უფრო ვნერვიულობდი. არადა, ძალიან ყურადღებიანი იყო, დღეში 15-ჯერ რეკავდა... მე რომ ვრეკავდი, არ მიმხელდნენ რომ დაღუპული იყო... მერე თანამშრომელს დავარეკინე და მასაც არ უთხრეს. საბოლოოდ, კახას დაჭრილი მეგობარი ჩამოვიდა, მან შეატყობინა მშობლებს. მაშინვე დაღუპულა... იმდენად უცებ მომხდარა ყველაფერი, ვერაფრის თქმა ვერ მოუსწრია... 10 აგვისტოს ჩამოვასვენეთ... დემეტრეს, როცა მამა მოენატრება, გამოიღებს სურათებს დაათვალიერებს და ისევ ინახავს... იარაღებიც უყვარდა, ფიზიკურადაც ძლიერი იყო. სულით იყო მეომარი, სულ იმას ამბობდა, თუ სიკვდილი მიწერია, ნეტა ბრძოლის ველზე მოვკვდეო. ღმერთმა ეს თხოვნა შეუსრულა....