ყალაბეგიშვილი ნიკა ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1989

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

დედამისს შავები არ ჩაუცვამს და არც აპირებს ჩაცმას – რადგან არ სჯერა, რომ ის მკვდარია... ნიკა ყალაბეგიშვილი ომში რომ წავიდა, 18 წლის იყო. ნოემბერში 19-ის უნდა გამხდარიყო. დეენემის პასუხის თანახმად, მის ცხედარს ზემო ნიქოზში მიაკვლიეს, სადაც 8 აგვისტოს დაბომბვისას დაიღუპნენ ბიჭები. გმირობამდე სულ ერთი მტკაველი სიცოცხლე განვლო. 18 წელი. მის თავგადასავალში, გმირობამდე, არაფერია უჩვეულო, გამორჩეული. წყნარი, ჩუმი ბიჭი ყოფილა. უყვარდა კომპიუტერი, კითხულობდა წიგნებსაც. ბოლოს კარატეთი დაინტერესებულა, ყიდულობდა წიგნებს, კითხულობდა, მერე ერთი წელი ვარჯიშობდა კიდეც კარატეში. ეს იყო ჯარში წასვლამდე. დოლი ყალაბეგიშვილი, დედა: „ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი იყო, წყნარი. ჯარში არავის გაუწვევია, თვითონ მოინდომა წასვლა, ძალიან გაგვიკვირდა. რომ წავიდა, ისეთი ბედნიერი იყო... ერაყში უნდა წასულიყვნენ დღე– დღეზე. ჯარში 2007 წლის ნოემბერში შევიდა, სულ 8 თვე იმსახურა...“ ნიკამ რეჟიმს გაუძლო და ერაყში წასასვლელადაც ემზადებოდა, სიტუაცია რომ დაიძაბა. დედამისმა ბოლოს 6 აგვისტოს ნახა. დედა: „სამსახურში იყო მოსული, ვაზიანიდან გამოუშვეს, სასწრაფოდ პასპორტი უნდა აგვეღო, ერაყისთვის. შვიდში პირველი საათისთვის უნდა მოსულიყო, რომ პასპორტი აგვეღო უკვე, მაგრამ არ მოვიდა, ვრეკავდი, მობილური გამორთული იყო. შევშფოთდი, დაძაბულობა იყო უკვე ქვეყანაში და რომ არ გამოჩნდა, ვაზიანში ავედით, მაგრამ მთელი ბაზა ცარიელი დაგვხვდა... საერთოდ, აღარ დაურეკავს, ტელეფონი აქ, ბაზაზე ჰქონდა დატოვებული. სხვებმა წაიღეს, მაგრამ, როცა უთხრეს, დატოვეთო, ნიკამ დატოვა. ასეთი იყო, პასუხისმგებლობით სავსე. ზამთარში სწავლებები ჰქონდათ, არადა სიცხიანი იყო, ვუთხარი, მიდი ლაზარეთში, გაგსინჯავენ და გაგათავისუფლებენ-მეთქი, არაფრით არ მივიდა, პირად საქმეში ჩამეწერება, ავად რომ ვიყავი და არ მინდაო. სიცხიანი დადიოდა სწავლებებზე...“ მერე დაიწყო ჯოჯოხეთი. შვილის ძებნა იგოეთს გადაღმა თუ უსასრულო ლოდინი ვაზიანის ბაზასთან, სიარული მორგებში და ბოლოს დეენემის პასუხი 21 ოქტომბერს, რომ ნიკა ზემო ნიქოზში დაიღუპა. „არ გვინახავს, ისე დაასაფლავეს, სასაფლაოს ნომერი გვითხრეს. ისე, თქვეს, კასეტურ ბომბზეა აფეთქებულიო“. ნიკას დედის ტრაგედიაში არის კიდევ ერთი უკიდურესად მტკივნეული ფაქტორი – ნიკას დედა, ქალბატონი დოლი ეროვნებით რუსია... დღეს მას პროტესტი აქვს რუსების მიმართაც და რუსული ენის მიმართაც.. „ძვირფასი ჩემთვის საქართველოა, მე აქ დავიბადე და გავიზარდე, სულ არ ვიცი, რუსეთი როგორია, კი ვარ ნამყოფი ბავშვობაში... რუსი ვარ, მაგრამ ჩემი შვილი ხომ ქართველია? ქართულ ჯარში იყო ხომ? ძალიან დიდი პროტესტი მაქვს რუსების მიმართაც და რუსული ენის მიმართაც... არადა დედაჩემი 15 წელია, მოსკოვში ცხოვრობს. ნიკას რომ ვეძებდით, იგოეთს გავცდი, ბუფერული ზონის იქით გადავედი, რუსი ჯარისკაცები იდგნენ, კაცები კი არა, ბავშვები, ნიკასხელები, ჩვენი სამხედრო ბათინკები ეცვათ, ფორმები და მითხრეს, რად უნდა შენს შვილს ფორმა, მკვდარიაო... თუ ნიკა აღარაა და მართლა აფეთქებისას დაიღუპა, არ ვიცი, ალბათ, მადლობელიც უნდა ვიყო ღმერთის... კიდევ კარგი, ტყვედ არ ჩავარდა... ვიცი, რასაც დამართებდნენ რუსულაქცენტიან, რუსულსახიან ქართველ ჯარისკაცს...“ .