ნადარეიშვილი გიორგი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1979

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი ლეიტენანტი

დაჯგუფება

საქართველოსთვის, ბიჭებო, წინ, ჩვენი მიწა-წყლისთვის, ბიჭებო“, – ასე შესძახებს თანამებრძოლებს გიორგი ნადარეიშვილი და წინ გაიჭრება. მტერი ჯერ „ლიმონკით“ გაუმასპინძლდება, მსუბუქად დაჭრილი განაგრძობს ბრძოლას. შემდეგ „მუხა“... შორს ხევში გადავარდება. ცოცხალი აღარავის ჰგონია. ის მაინც ამოვა და ყურებიდან, პირიდან სისხლმდინარი გააგრძელებს ბრძოლას. იბრძოლებს მანამ, სანამ მედდები, ლამის იძულების წესით, არ ჩასვამენ „ჰაიოკში“, ბრძოლის ველიდან გასარიდებლად. მაგრამ ის თავის ადგილს უარესად დაჭრილ თანამებრძოლს დაუთმობს. „ჰაიოკი“ თავს დააღწევს ბრძოლის ველს. გიორგი კი საავიაციო დაბომბვას ემსხვერპლება... 29 წლის გიორგი ნადარეიშვილი უშვილძიროდ გადაეგება, მეუღლე ათიოდე თვის მოყვანილი ჰყავდა... მანანა მეგალიშვილი, გიორგი ნადარეიშვილის დეიდა: „დაიბადა თბილისში, თავიდანვე მოსული, მასიური ბავშვი იყო, არ იყო ცელქი. თავის ასაკთან შედარებით ძალიან გაწონასწორებული, სერიოზული ბავშვი იყო, იმდენად, რომ ყველას უკვირდა საახლობლოში, ჩვენს სამეგობროში, ნათესაობაში. პატარაობიდანვე ოცნებობდა სამხედრო ფორმაზე, არადა არავინ გვყოლია სამხედრო, არც ნათესაობაში, არც საახლობლოში... დედა დიასახლისია, მამა ფიზიკურად მუშაობდა სამშენებლო- სავაჭრო ბაზაზე. ყველას გვიკვირდა გიორგის ასეთი დამოკიდებულება სამხედროების მიმართ... ალბათ, შინაგანად იყო მებრძოლი... პირველი 7 წელი აქ, თბილისში, სწავლობდა, შემდეგ დედ-მამა საცხოვრებლად აბაშის რაიონში, სოფელ ოტობოში გადავიდნენ და გიორგიც აბაშის გიმნაზიაში გადაიყვანეს, სკოლა იქ დაამთავრა. პირველივე წელს ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ყოველგვარი მომზადებისა და რეპეტიტორების გარეშე. პირველი კურსი რომ დახურა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, იმ დროს უნივერსიტეტი უკვე ვეღარ იხსნიდა ჯარიდან. წავიდა, ქუთაისში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს, მაგრამ მაშინ სამეგრელოში არეულობა იყო და მათი ნაწილი ზუგდიდში გადაიყვანეს. არეულობა და ინციდენტები რომ იყო, ძალიან ვნერვიულობდით, ვფიქრობდით, რამენაირად გაგვერიდებინა ბავშვი ტყვიების წვიმას... ჩავედით კიდეც და გიორგის ვუთხარით, როგორმე გავაკეთებთ საქმეს, რომ აქედან თბილისში გადაგიყვანოთ-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, არ წამოვალ, მე მაგის კაცი არ ვარ, ასეთ დროს მეგობრები მივატოვო, როგორ ჩავხედო მერე მათ თვალებშიო... ომის დროს კაცი რომ მეგობრებს ზურგს შეაქცევს და წავა, სამშობლოს მოღალატეაო... ჯარი რომ მოიხადა, უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა არც ის წლები დაუკარგავს. ჯარში რომ გაიწვიეს, დაუსწრებელზე გადავიდა, ჩამოდიოდა და გამოცდებს აბარებდა. ჯარის მოხდის შემდეგ ისევ დასწრებულზე დაბრუნდა... უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, შინაგან ჯარში წასვლა გადაწყვიტა, სერჟანტობიდან დაიწყო სამხედრო კარიერა... სამშობლო უყვარდა და რაღაცას რომ აკეთებდა სამშობლოსთვის, ეგონა, რომ სასწაულს აკეთებდა. ამასობაში ამ სამშობლოს სიყვარულით დაამთავრა თავისი სიცოცხლე...“ მაია ტოტიკაშვილი, გიორგის დეიდა: „ნაბიჯ-ნაბიჯ გაიკეთა კარიერა. სულ შინაგან ჯარში იყო, შემდეგ, თათუხაშვილი რომ მოვიდა სარდლად, შინაგანი ჯარის „სპეცნაზი“ შეიქმნა და იქ მსახურობდა ერთი წელი. მერე ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, მისი ნაწილი მთლიანად თავდაცვის დაქვემდებარებაში გადავიდა, მას არ შეუცვლია ნაწილი. ყველგან ძალიან დადებითად იხსენებენ... თანამებრძოლებიც და მეგობრებიც. როგორც მეგობრები გვეუბნებიან, არაჩვეულებრივი მეგობარი იყო... სახლში, რომ მოგეკლა, არ გეტყოდა, რა ხდებოდა მის გარშემო, რა პრობლემები ჰქონდა სამსახურში. ჩვენ ვერანაირად ვერ დავეხმარებოდით და ჯარი ისეთი სამსახურია, იქიდან სიტყვაც არ უნდა გავიდეს... დეიდაშვილები უყვარდა უზომოდ... ბავშვთან ბავშვი ხდებოდა, ჩვენთან – ჩვენხელა, მოხუცებსაც ისეთი სიყვარულით ეფერებოდა... გიორგი ჩვენთვის, ოთხი ოჯახისთვის, ერთადერთი ბიჭი იყო, თვალებში შევყურებდით, თვალებით ვიგებდით, რა სწყინდა და რა უხაროდა...“ უფროსი ლეიტენანტი გიორგი ნადარეიშვილი 2008 წლის გაზაფხულიდან მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის იურისტად მუშაობდა. 6 აგვისტოსა და 7 აგვისტოს გასაყარი იყო, შინ რომ დარეკა, განგაშია და ბარგი გამიმზადეთო. იმ ღამესვე წავიდა. მანანა მეგალიშვილი: „იმის მერე აღარც ზარი, აღარც არაფერი... როგორც მეუღლემ გვითხრა, რვაში ელაპარაკა. სად ხარო, უკითხავს, გიორგის რაღაცები უხუმრია, უმალავდა, რომ ბრძოლის ველზე იყო. ზარი რომ გავუშვი, გამითიშაო. ასე იცოდა, გათიშავდა და მერე გადმორეკავდა ხოლმე... მაგრამ აღარ გადმოურეკია...“ გიორგი ნადარეიშვილი 8 აგვისტოს დაიღუპა ბრძოლის ველზე. მაია ტოტიკაშვილი: „როგორც თანამებრძოლები, შტაბის უფროსი, მეთაური გვიყვებიან, ცხინვალში შესვლისას გიორგი გვამხნევებდა: ბიჭებო, არ შეგეშინდეთო, დაგვძახოდა, სტიმულს გვაძლევდა. ალბათ, ყველას გვეშინოდა, მაგრამ ერთმანეთს არ ვაგრძნობინებდითო. გიორგი კი ისეთ სტიმულს გვაძლევდა, არანაირი შიში არ ეტყობოდაო. დაგვძახა: „საქართველოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის, ბიჭებო, ჩვენი მიწა-წყლისთვისო!!!“... მაგ დროს ესროლეს ყუმბარა, „ლიმონკას“ რომ ეძახიან. ყუმბარის ნამსხვრევებმა, 115 პატარა ჭრილობები მიაყენაო. მერე უსროლიათ „მუხა“. გიორგი ხევში გადავარდნილა. ექთნებს უყვირიათ: ვაიმე, გიორგი მოკლეს, ხევში გადავარდაო. გიორგი უკვე დაღუპული ეგონათ, მაგრამ ხევიდან ამოვიდა. მეთაური გვიყვებოდა, გიორგი რომ ამოვიდა, გვეგონა, რაღაც განათდა, ასეთი რამ არ გვინახავს, კაცი ამხელა მანძილზე გაისროლა, ის კი ხევიდან ამოვიდა. გიორგი დაჭრილი ყოფილა და ისევ იბრძოდა, არადა უკვე ჰქონდა კანტუზია, ყურებიდან და პირიდან სისხლდენა... მედდებთან მისულა, რამეს თუ მიშველითო. გოგოებს უთქვამთ, შენი აქ გაჩერება არანაირად აღარ შეიძლება, მძიმედ ხარ დაჭრილი და უნდა წაგიყვანოთო. წაუყვანიათ. როგორც მედდებმა გვიამბეს, მძიმედ დაჭრილი გიორგი მაინც უსაფრთხოებას უკეთებდა გოგოებს. ჩასვეს „ჰაიოკში“. მანქანა შევსებულა. გზაზე რომ გამოდიოდნენ, ვიღაც ყოფილა დაჭრილი ძალიან მძიმედ, სისხლისგან იცლებოდაო... გიორგის მეგობარი ყოფილა ის. გიორგი ჩამოსულა მანქანიდან ამ კანტუზიით, ეს ჩასვითო. ექთნებს უთქვამთ, რას შვრები, სად მიდიხარო, მაგრამ ვერ გადაათქმევინეს. გიორგი ჩამოვიდა, თავისი ადგილი დაუთმო იმ ბიჭს. მე დაგეწევით, ფეხით ვივლიო. მერე წამოვიდა ავიაცია და დაიწყო დაბომბვა, გიორგი დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა. იმ „ჰაიოკმა“ გამოასწრო, ჩამოვიდა სამშვიდობოს... გიორგის დაბადების დღეზე მოსული იყო ის ბიჭი, ვისაც გიორგიმ თავისი ადგილი დაუთმო. გვებოდიშებოდა, თავისი სიცოცხლე მე მაჩუქა და ბოდიშს გიხდითო... ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს... ასეთი ვაჟკაცი იყო გიორგი... გადასვენების დღეს, მეთაურმა, ბატონმა კიკაბიძემ გვითხრა, მერჩია, ორივე ხელი დამეტოვებინა ომში და გიორგი ცოცხალი მყოლოდა, ჩემი მარჯვენაც ეგ იყო და მარცხენაცო...“ გიორგის დას ბატალიონის მეთაურმა 11 აგვისტოსვე მიუსამძიმრა, მაგრამ მშობლებს, დეიდებს მაინც არ სჯეროდათ გიორგის გარდაცვალება. მანანა მეგალიშვილი: „ იმდენად გამოცდილი იყო, რატომღაც გვეგონა, რომ ცოცხალი გადარჩებოდა, მაგრამ რა გადაურჩება ტყვიებისა და ბომბების წვიმას... უწმინდესმა რომ გადმოასვენა, იმ გადმოსვენებულებში იყო ჩვენი გიორგი, 32-ე ნომრით ძმათა სასაფლაოზე... აგვისტოში დედამისი დაიბარეს და ანალიზი აუღეს „დეენემისთვის“, პასუხი ოქტომბრის ბოლოს იყო, 7 ნოემბერს აბაშაში გადავასვენეთ და 8 ნოემბერს დავკრძალეთ...“ მართლაც სხვა მადლით უნდა იყო ცხებული, თავი რომ გასწირო სამშობლოსთვის და მით უმეტეს, ერთი თანამოძმისთვის, ასეთ ჟამს დათმო შენი ადგილი, სხვას მისცე სიცოცხლის ბილეთი და თავად მარადისობის გზა- შარას გაუყვე...