სუხიტაშვილი ოთარ
დაიბადა

1975

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ის იჯდა იმ ტანკში, რომელიც უშუალოდ ოსების თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა გაანადგურა. ასე ტრაბახობდა ბარანკევიჩი რუს ჟურნალისტებთან, რომ 406-ე ტანკი ეკიპაჟიანად გაანადგურა… მემიზნე ოპერატორი ოთარ სუხიტაშვილი იყო, მძღოლი – ბირთველაშვილი, მეთაური – გია რომელაშვილი… ოთარ სუხიტაშვილს გული მამულისთვის უძგერდა და როგორც ოჯახში იგონებენ, უგრძნობდა კიდეც, რომ სამშობლოსთვის შეწყდებოდა მისი გულისცემა. მისი ტანკი წინ მიუძღოდა ტანკების კოლონას… ეს იყო ომში. ომამდე კი მასთან სახლში ბიჭები ქეიფობდნენ. ოთოს მეუღლე, ციური ჩილინდრიშვილი ბიჭების ნათქვამს იხსენებს: „ჩვენ ჩვენი დროშა უნდა ავაფრიალოთ ცხინვალშიო“… ომამდე ერთი კვირით ადრე კი ციური თავზარდამცემ სიზმარს ნახავს: „მესიზმრა, ვითომ გორი იბომბებოდა და გავრბოდით, ოთოს ვეძახდი, აქეთ გავიქცეთ-მეთქი, მაგრამ სადღაც დავკარგე, ვერსად ვპოულობდი. დავრჩი მარტო, ბავშვებთან ერთად...“ ციურის აუხდა თავზარდამცემი სიზმარი… დაიბომბა გორიც, დაკარგა მეუღლეც და დარჩა დაობლებული ბავშვებით… ოთარ სუხიტაშვილი ახლა, 29 აპრილს, 35 წლის გახდებოდა. კარალეთში დაიბადა, როგორც დედა – ქეთევან სუხიტაშვილი გაიხსენებს, ოთოს ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, ყოფილა ჭკვიანი და თბილი, მაგრამ ყოველთვის გულჩათხრობილი. მეხუთე კლასამდე კარგად უსწავლია, ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, სკოლიდან გამოუყვანიათ, ხელობა უსწავლებიათ, ელექტრიკოსობით საკუთარი შემოსავალიც გასჩენია. 18 წლის გახდა თუ არა, ჯარში გაიწვიეს. „ვეუბნებოდით, პირველ გაწვევაზე არავინ მიდის და მაინცდამაინც შენ რატომ უნდა წახვიდე-მეთქი, მაგრამ არ დაიშალა. იმ დღეს დილის შვიდ საათზე ადგა და გაიპარა, ჯარში წავიდა… სავალდებულო სამსახური გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე მოიხადა და შინ დაბრუნდა… მალე მომავალი მეუღლე – ციური ჩილინდრიშვილი გაიცნო. ციური 18 წლის იყო, ხიდისთაველი. ციური ჩილინდრიშვილი: „ჩემი და გათხოვდა კარალეთში, ოთო ჩემი სიძის მეზობელი იყო და როცა ჩემს დასთან მივდიოდი, იქ ვნახულობდი ხოლმე. თანდათან ერთმანეთის მიმართ სიმპათია გაგვიჩნდა, ძალიან თბილი და ერთგული ადამიანი იყო, არ შეიძლებოდა, არ შეგყვარებოდა...“ გაცნობიდან სამი თვის თავზე, ოთომ თავისი მშობლები ციურის მშობლებთან მიიყვანა და მისი ხელი ითხოვა… ჯვარი დაიწერეს, პატარა ქორწილიც გადაიხადეს… პირველი შვილი რომ შეეძინათ, ოთო 21 წლის იყო, ციური – 19-ის… „ბედნიერი იყო... სხვანაირი მამა იყო, შეიძლება თავისთვის არაფერი ეყიდა, მაგრამ ბავშვებს ყოველთვის ახარებდა და ყველაფერს უკეთებდა. სულ ცდილობდა, რომ რაღაცით ვესიამოვნებინეთ. ბოლოს კომპიუტერი უყიდა ბავშვებს... სამთვიანი კურსი გაატარა ორივეს, იქნებ რამეში გამოგადგეთო. ალბათ, გული უგრძნობდა, უნდოდა, ყველაფერი მოესწრო... სოფლის მეურნეობით ვირჩენდით თავს, მიწას ვამუშავებდით, შრომას არ თაკილობდა, ყველანაირად ცდილობდა, ოჯახში რაღაც, თუნდაც მიზერული თანხა შემოეტანა. გაჭირვებას დიდი სიყვარული გვატანინებდა... ერთად 12 წელი ვიცხოვრეთ... კონტრაქტზე წასვლა 2005 წელს გადაწყვიტა. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ არ დაიშალა. გორის ჯავშან- სატანკო ბაზაზე მსახურობდა. აპრილში უმთავრდებოდა კონტრაქტი... არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლო პერიოდში, სულ იმას ამბობდა, რაღაც მოხდება და მე ვიბრძოლებ ჩემი შვილების გულისთვისო... არ ვიცი, შეიძლება სიზმარიც ჰქონდა ნანახი, მაგრამ არაფერს ამბობდა... თან მამხნევებდა, უნდა შეეგუო, ჯარისკაცს ერთი ფეხი სამარეში აქვსო...“ ოთარ სუხიტაშვილი ბოლოს 6 აგვისტოს გავიდა სახლიდან – განგაში იყო გამოცხადებული. საღამოს, მეუღლე რომ შეეხმიანა, უთხრა: დღეს შინ ვერ მოვალ, ყარაულში ვარო. სიტუაცია რომ უფრო დაიძაბა, მეუღლემ ისევ დაურეკა. ციური ჩილინდრიშვილი: „მატყუებდა, არაფერი ხდება, დაწყნარდიო, არადა იმ საღამოს უკვე ცხინვალში ყოფილა... ყველა ახლობლისთვის უთქვამს, უკვე ცხინვალში ვართო, მე მიმალავდა... ბავშვისთვისაც დაურეკავს და უთქვამს, მამი, ცხინვალში ვარ და დედას არაფერი უთხრაო... ბოლოს, 7 აგვისტოს, დილით ველაპარაკე, მითხრა, ტელეფონი უნდა გავთიშო და აღარ დამირეკოო... ბავშვებს მიხედე და მოუარეო... ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. მერე ვრეკავდით, მაგრამ ხაზები იყო გადატვირთული და ვეღარ ვუკავშირდებოდი...“ კარალეთში რომ სიტუაცია დაიძაბა, 10 აგვისტოს ციურიმ ბავშვები სოფელს გაარიდა. „სწორედ იმ დღეს დამირეკეს და მითხრეს, დაიკარგა და იქნებ დაჭრილებში ან გარდაცვლილებში ნახოთო. სწორედ წინა დღეს დაბომბეს გორის ჯავშან-სატანკო ბაზა... მეგონა, რომ იქ იქნებოდა... თბილისში თითქმის ყველა საავადმყოფო შემოვიარე. იმ იმედით, რომ სადმე ვიპოვიდი, მაგრამ... ერთ-ერთ საავადმყოფოში, ოთოს ეკიპაჟის ერთ- ერთი წევრის, ბირთველიშვილის ძმა ვნახე, მაგრამ ვერც ერთი ვერსად ვერ ვიპოვეთ. ბოლოს გაირკვა, რომ 406- ე ტანკის ეკიპაჟის სამივე წევრი ისე დაიკარგა, რომ ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, არავინ იცის“. 227 ოთარ სუხიტაშვილი გმირულად იბრძოდა ცხინვალში – მისი ტანკი მიუძღოდა ტანკების კოლონას… ციური ჩილინდრიშვილი: „მისი ერთ-ერთი მეგობარი იხსენებს, ბოლოს რომ შევდიოდით, რაციაში ვუთხარი, ოთო აღარ შემოხვიდე-მეთქი და უთქვამს, მაინც შემოვალთო... 8 აგვისტოს დაიკარგნენ... ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცის... სოფელში ყველა ამბობს, მათი ტანკი ააფეთქეს და ნაცრად აქციესო… საშინელებაა ყოველდღე მის მოლოდინში... ხან მაქვს იმედი, რომ გამოჩნდება, მაგრამ ხანდახან ყველანაირი იმედი მეწურება... ბავშვებს ძალიან აკლიათ და ენატრებათ მამა. უფროსი 13 წლის უნდა გახდეს, პატარა – 12-ის. არაფერს მეკითხებიან, მაგრამ ვხვდები, რომ გულში იკლავენ დარდს... ცოცხალს ელოდებიან... ვიღაც რომ გვეტყვის, როგორ მეწყინა თქვენი ამბავიო, მეუბნებიან, რას გისამძიმრებენ, მამაჩვენი ცოცხალიაო... არ უნდათ, მამა მკვდარი წარმოიდგინონ... დიტოს სახლში სულ ჯარის ფორმა აცვია. „კურტკაც“ კი ჯარის ფორმის მაყიდინა. მეუბნება, ნეტა მალე გავიზარდო, რომ ჯარში წავიდეო... გოგო უთქმელია, არაფერს ამბობს, დღიური აქვს, ყოველდღე რაღაცებს წერს. იმ დღეს დაუწერია: მამა, ღმერთს ვთხოვ, რომ მალე გამოჩნდე, ჩვენ ცოცხალს გელოდებითო...“